ინტერპოლმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ თანამშრომელზე ვლადიმერ ბედუკაძეზე ძებნა გამოაცხადა.
ამის შესახებ „ინტერპოლი“ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. როგორც ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ბედუკაძე იძებნება საქართველოს მიერ (Wanted by Georgia). დანაშაულის კატეგორიაში მითითებულია - Life and health (სიცოცხლე და ჯანმრთელობა).
ბედუკაძე წითელი ცირკულარით იძებნება, რომელიც პირის დაკავებას შემდგომი ექსტრადაციის მიზნით ითვალისწინებს.
ბედუკაძე სასჯელაღსრულების სისტემაში 2001 წლიდან ექვს სხვადასხვა დაწესებულებაში, ოთხ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მე-8 საპყრობილეში კი, გახსნის დღიდან საქმიანობდა. გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ვიდეოგადაღებებს სწორედ ბედუკაძე აწარმოებდა. მაშინ, როდესაც საქართველოს ტელევიზიებით აღნიშნული კადრები გავრცელდა, ბედუკაძე ბრიუსელში იმყოფებოდა. ბრიუსელში მან პრესკონფერენციაც გამართა და ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას საკუთარი ოჯახის ქვეყნიდან გაყვანაში დახმარება სთხოვა. მისმა ოჯახმა საქართველო უკვე დატოვა.

















