საქართველოს პროკურატურას და საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიას შორის შემდგარი თანამშრომლობა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება
- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიასა და საქართველოს პროკურატურას შორის ევროპული კონვენციის თანახმად განხორციელდა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.
ბურჯალიანის განარტებით, თანამშრომლობა შედგა კონვენციის მე-13-ე მუხლის თანახმად, რომელიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირ კომუნიკაციას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, სწორედ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში და საფრანგეთის შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიაწოდა ეროვნულმა ჟანდარმერიამ პროკურატურას ინფორმაცია. სასამართლომ თხოვნა გუშინ სრულად დააკმაყოფილა და მასალაც გუშინ გადმოიგზავნა.
ამასთან, ბურჯალიანის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს არ აუღიათ ვალდებულება, ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის და არც საფრანგეთის სასამართლოს, რომელმაც უფლებამოსილება გასცა ინფორმაციის ქართული მხარისთვის გადაცემის თაობაზე, არასდროს არცერთ ეტაპზე არ მოუთხოვიათ ქართული მხარისგან კონფიდენციალობის დაცვა.
„ჩვენ გაკვირებული ვართ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით. საქმე იმაშია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური სტრუქტურები სამართალდამცავთა შორის თანამშრომლობაში ჩართული არცერთ ეტაპზე არ ყოფილან“-განაცხადა ბურჯალიანმა.
ბურჯალიანი, ასევე მადლობას უხდის საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიას და ყველა კომპეტენტურ უწყებას ინფორმაციის მიწოდებისა და დახმარებისთვის.

















