შინაგან საქმეთა სამინისტრო კოალიცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენლის ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ ფარულ აუდიომასალას ავრცელებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ქართველი კანონიერი ქურდების ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის დეტალები და მათი კავშირები ცაკლეულ პოლიტიკოსებთან.
მათი ინფორმაციით, 2012 წლის 23 სექტემბერს თბილისში დააკავეს კანონიერი ქურდი დავით ხიზანიშვილი, რომელიც მოქმედებდა კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მისი ამოცანა იყო მის მიერ შექმნილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.
შემდეგი ჩანაწერები კი, ეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერ კახი კალაძეს და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს.
„ჩვენ წარმოგიდგენთ შსს-ს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს, სადაც ნათლად ვლინდება კახი კალაძის და 8 კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი. შემდეგი ფაქტი კი, წარმოადგენს კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გუბაზ სანიკიძის და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, ამჟამად მოსკოვში მცხოვრებ ვალერი ხაბურძანიას შორის შემდგარი გარიგების დეტალებს. კერძოდ, მათი გარიგების მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას სთხოვს მოსკოვში ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის ნაცვლად, სთავაზობს მას ფულად ანაზღაურებას“- აცხადებენ შსს-ში.

















