საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედმა, ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსების გავლის გარეშე, თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებზე გასცა ტექნიკური სპეციალობის შემსწავლელი კურსის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
უწყების ინფორმაციითვე, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.