მედიასაშუალებები პროკურატურის მიერ გადაცემულ კადრებს და თანდართულ მასალას ავრცელებს, რომელშიც „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი
ლიდერი გოგა ხაინდრავა ფიგურირებს.
ქართული მხარისთვის საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ გადაცემულ ვიდეო-კადრებში ხაინდრავა კანონიერ ქურდ რევაზ ლორთფანიძესთან ერთად ჩანს.
ვიდეომასალას თან ახლავს საფრანგეთის ჟანდარმერიის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ კინორეჟისორი და „შევარდნაძის დროინდელი მინისტრი“ ხაინდრავა საფრანგეთში 2011 წლის 4 ნოემბერს, ფილმის პრეზენტაციისთვის ჩავიდა, 9 ნოემბერს კი - ის ლორქიფანიძის ბინაში ე.წ. „კანონონიერ ქურდებს“ შეხვდა.
ვიდეომასალა ლორთქიფანიძის ბინასთან ფარულად დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო.
ჟანდარმერიის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სხვა „კანონიერი ქურდები“, მათ შორის, ე.წ. „თბილისის კლანის“ წარმომადგენელი ზაზა პაიჭაძე, არტურ იუსაბაშევი, გოგი მაისურაძე, ვაჟა ბიგანიშვილი, რამაზ ჭინჭარაძე, თამაზ გოგოლაძე, სულხან თვალჭრელიძე.
ამავე მასალის თანახმად, შეხვედრაზე ხაინდარავამ „კანონიერ ქურდებს“ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში დაბრუნება და გავლენის აღდგენა აღუთქვა.
„ცნობილია, რომ კანონიერ ქურდებს შესწევთ უნარი, როდესაც საჭიროა, ჩამოაყალიბონ „მხედრიონის“ მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფებები, მათ ასევე, შეიძლება გააჩნდეთ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა“-ნათქვამია წერილში.
ფრანგული მხარის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ხაინდრავასა და ლორთქიფანიძის სატელეფონო საუბრები ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს ქართველი მოსამართლეებისთვისაც. ასევე, ჟანდარმერია სხვა ინფორმაციის მიწოდებისთვისაც მზადაა, რომელიც ქართველ სამართალდამცავებს გამოძიებაში დაეხმარება.

















