საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,
პროექტ “CONTACT-Black Sea”-ის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენერთა სწავლება გაიმართა.
ტრენინგის მიზანი აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მომავალი პროფესიონალი კადრების მომზადებაა - განაცხადეს უწყებაში.
პროექტი “CONTACT-Black Sea”, მიზნად ისახავს რადიოაქტიური და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.
პროექტი ხორციელდება გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტისა (UNICRI) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში.
ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენასთან დაკავშირებული პროცედურები, შესაბამისი კანონმდებლობა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სპეციფიკა და სხვა საკითხები განიხილეს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში,დაგეგმილია რეგიონალური სწავლება, რომელშიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.