გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით
გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4175 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 223 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.
ყველაზე მეტი, 1 824 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. მათგან 816 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 671 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება, 337 - სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, გამოვლენილია 60 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
2021 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 751, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის - 559, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 301, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის - 275, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის - 201, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 106, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 58 ფაქტი. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიმდინარე წლის 6 თვეში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 100 ფაქტია გამოვლენილი.
922 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; კახეთში გამოვლინდა 733 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 712, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 443, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 425, ქვემო ქართლში - 375, სამცხე-ჯავახეთში - 313 ფაქტი. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 30 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში 222 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი; მათგან 6 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
2021 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153), სავარაუდო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის შესახებ 1305 შეტყობინება დაფიქსირდა. თითოეულ მათგანზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინა.