ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ხვალ მუშაობას დაიწყებს საერთაშორისო ანტიკორუფციული სემინარი, რომელშიც მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 57 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
მიწვეულთა შორის არიან აშშ-ს, საფრანგეთის, ლიხტენშტეინის, დანიის, ლიტვის, ჰონგ-კონგის, ჩინეთის, სერბეთის, იტალიისა და აზერბაიჯანის პროკურატურებისა და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები, ასევე, გაეროს დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენელი.
სემინარზე სამი ძირითადი საკითხი განიხილება ანტიკორუფციული მიმართულებით - მექრთამეობის რთული საქმეების გამოძიება, უკანონო გამდიდრების დანაშაულის კრიმინალიზაცია და სისხლის სამართლებრივი დევნა, იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციის გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა.

















