საქართველოში საარჩევნო პერიოდში დესტაბილიზაციის მზადებასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. საუბარია 1 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში,
ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ძალადობის მოწყობის მიზნით, კანონიერ ქურდებსა და პოლიტიკოსებს შორის კავშირზე.
ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე განცხადება პარიზში მყოფმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა გააკეთა.
ბურჯალიანის თქმით, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ კანონიერ ქურდებს შორის, საფრანგეთში საიდუმლო შეხვედრები გაიმართა, სადაც საქართველოში არეულობის მზადების საკითხი განიხილებოდა. შეხვედრის მონაწილეთა გვარები ჯერ არ სახელდება.
„პარიზში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფები, რომლებიც საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. ჩვენი კონსულტაციების თემა გამოძიებაა, რომელსაც საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია აწარმოებს. ამავე საკითხებზე, პროკურატურის ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო “ - განაცხადა ბურჯალიანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ საქმე ეხება ქართული ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლების, კერძოდ, ე.წ კანონიერი ქურდების კონტაქტებს ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსთან.
სხვა დეტალებს ბურჯალიანი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ამ საკითხზე საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

















