"განვითარდება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება სამართალდაცვის სისტემა;
განხორციელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მიზანია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების სრული გამიჯვნა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სრულად ამოქმედდება ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც მკაფიოდ გაიმიჯნება გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები.
„ასევე, იგეგმება ავტოპარკის და სპეციალური ტექნიკის შეძენა, მათ შორის სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და მესაზღვრეებისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა. ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქსა და საავტომობილო გზაზე ჭკვიანი კამერების განთავსება. ძველი, ამორტიზირებული შენობების ნაცვლად ჩვენ ავაშენებთ ახალ შენობებს. მაქსიმალურად მოცული იქნება რეგიონები, მათ შორის ძნელად მისაღწევ და მაღალმთიან ზონებში ავაშენებთ ახალ საპოლიციო და სამაშველო შენობებს.
აშენდება ახალი სასაზღვრო სექტორები და საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ახალი ინფრასტრუქტურა, რითაც მაქსიმალურად იქნება დაფარული მთელი ქვეყნის საზღვრის ყველა მონაკვეთი. დაგეგმილი გვაქვს, სრულად განვაახლოთ და დავაკომპლექტოთ მოძველებული შეიარაღება და სპეციალური საშუალებები. სისტემა აღიჭურვება ახალი, თანამედროვე შეიარაღების სისტემებით. ამოქმედდება ელექტრონული დისპეტჩერიზაციის პროგრამა, რაც გაზრდის დანაშაულზე და სხვა სამართალდარღვევებზე რეაგირების ეფექტიანობას. ამოქმედდება ე.წ CRIME STOPPER, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, პოლიციას ოპერატიულად მიაწოდოს კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ანალიტიკური სისტემების განვითარებას უზრუნველყოფს. დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS-სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს შეატყობინებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ. ჩვენი გეგმის მიხედვით, 10-წლიან პერსპექტივაში დაგეგმილია შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ, უმაღლესი სტანდარტების ეროვნულ სტრატეგიაზეც, რომლის მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის გაძლიერება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შემცირება, ბავშვთა უფლებების დაცვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს გეგმებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს, უახლოეს წლებში მაქსიმალურად მოხდეს ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაცია და ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს.
„ასევე, ჩვენი მომდევნო წლების ერთ-ერთ მთავარი გეგმა და ამოცანაა ევროპული სტანდარტის მცირე ზომის ციხეების შექმნა; მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება მოქმედი და ყოფილი პატიმრების დასაქმება. არასრულწლოვანი პატიმრები განთავსდებიან საოჯახო ტიპის დაწესებულებებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.