სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა რუსთავის სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებაში საგანგებო მონიტორინგი განახორციელა, სადაც შეხვდა და იქ განთავსებულ პატიმართა დიდ ნაწილს გაესაუბრა.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ გუშინ, დღის პირველ ნახევარში დაწესებულებაში შედარებით დაძაბული ვითარება იყო. მსჯავრდებულები მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს მიმდინარე მოვლენების მიმართ და მოითხოვდნენ N16 დაწესებულების ზოგიერთი თანამშრომლის დასჯას. ისინი, ასევე, მოითხოვდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრას.
მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს გადასცეს 336 ინდივიდუალური საჩივარი და კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერს 416 ადამიანი. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ უკვე მონახულებულმა მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ სხვა მსჯავრდებულებსაც სურთ, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიაწოდონ ანალოგიური ახსნა-განმარტებები.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში განმეორებით ჩაატარებენ მონიტორინგს N16 დაწესებულებაში ამ მსჯავრდებულებთან შესახვედრად და ინფორმაციის მოსაპოვებლად.
აპარატში აღნიშნავენ, რომ ახსნა-განმარტების მიცემისა და საჩივრების გადაცემის პროცესი მშვიდობიანად და ორგანიზებულად განხორციელდა. მსჯავრდებულებმა თავად უზრუნველყვეს ხელმოწერების შეგროვება და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის გადაცემა.
მსჯავრდებულთა განცხადებით, რუსთავის N16 დაწესებულების ძველი ადმინისტრაციის პირობებში მუდმივად ხორციელდებოდა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც გამოიხატებოდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უსამართლო და უმიზეზო დასჯაში.
მსჯავრდებულების გადმოცემით, ადმინისტრაციის თანამშრომლები რეგულარულად შედიოდნენ საკნებში, ძირს უყრიდნენ ტანსაცმელს, ხატებს, მათ კუთვნილ სხვა ნივთებს; სამარტოო საკანში ჩაჰყავდათ მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ვეღარ ესარგებლათ ხანგრძლივი პაემნის უფლებით. ასევე, მსჯავრდებულთა თქმით, შემოწმების დროს მათ უნადგურებდნენ წყლის მარაგს და შემდეგ რამდენიმე დღით საკნებში წყალს უკეტავდნენ, მაშინ, როდესაც დაწესებულების დანარჩენ ტერიტორიაზე წყალი ჩვეულებრივად მოდიოდა. დაწესებულებაში სტუმრის მოსვლის შემთხვევაში კეტავდნენ ფანჯრებს, გამორთავდნენ ვენტილაციას და უჰაერო საკანში ტოვებდნენ გარკვეული ხანი.
მსჯავრდებულთა თქმით, ადმინისტრაცია თავისი შეხედულებისამებრ რამდენიმე დღით თიშავდა ტელეფონს, ხშირად - რამდენიმე კვირითაც.
ობუდსმენის აპარატის ცნობით, ასევე, მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ მათი მდგომარეობა განსაკუთრებით გაუსაძლისი ყოფილი დირექტორის ვაჟა ცხვედიანის მოსვლის შემდეგ გახდა, რომელიც მოადგილესთან დავით მუმლაძესთან და უსაფრთხოების უფროსთან ილო ლუტიძესთან ერთად, პირადად სცემდა კარცერში განთავსებულ მსჯავრდებულებს, რასაც სხვები მობილურით იღებდნენ.
გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, მსჯავრდებულები შემდეგ თანამშრომლებს ასახელებენ - რეჟიმის ოფიცერი გიორგი ჯღარკავა, ოფიცერი თემურ კორშია და აღნიშნავენ, რომ ეს სია არ არის ამომწურავი.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ რუსთავის N16 დაწესებულების მსჯავრდებულთა ახსნა-განმარტებები დღეს რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეცემა.

















