ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „თბილისი" და „თბილისი 2" სამართალდარღვევის
ფაქტები გამოვლინდა. 2 კომპანიის მიერ, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებს, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრათ და ტვირთი დათვალიერებას დაექვემდებარა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, განხორციელდა დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერება. დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობამ საერთო ჯამში - 68 886,54 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ერთ-ერთ გადასახადის გადამხდელს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11 384 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო მეორე გადამხდელის მიმართ (დეკლარირებულ საქონელს შორის შეუსაბამობა - 57 502,54 ლარის ოდენობით დაფიქსირდა), საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.