პატიმარ გოდერძი კიკნაძეს სასჯელაღსრულების რუსთავის მე-6-ე ციხიდან დღეს გლდანის მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კიკნაძის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განუცხადა, პატიმრის გადაყვანა, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში იგეგმება.
მისი თქმით, მსჯავრდებული ნაცემია, აქვს ტვინის შერყევა, რასაც ციხის ადმინისტრაციაც ადასტურებს.
გოდერძი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია გუშინ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მონახულების მომენტისთვის მსჯავრდებულს აღენიშნებოდა მოყვითალო-მოშავო ფერის სისხლნაჟღენთები და შეშუპებები ორივე თვალბუდის არეში, მარცხენა და მარჯვენა ყვრიმალის და საფეთქლის არეში, ასევე, შუბლზე - მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი. ყელის არეში, მარცხენა მხარეს, მსჯავრდებულს აღენიშნება მცირე ზომის ჰიპერემიული უბანი, ორივე ქვედა კიდურზე - რამდენიმე ნაჭდევი, დაფარული ფუფხით. 21 სექტემბერს, მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის სამედიცინო ბარათში გაკეთებული ნერვოპათოლოგის ჩანაწერის მიხედვით, მას აღენიშნება თავის ტვინის მსუბუქი ხარისხის შერყევა.
აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპატარმა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სათანადო ზომების მიღების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, კიკნაძემ მათ გადასცა საკუთარი ხელით დაწერილი ახსნა-განმარტება, სადაც იგი საუბრობს ზეწოლის იმ ფაქტებზე, რომელიც მის მიმართ სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში განხორციელდა.
„მსჯავრდებულის განცხადებით, მის მიმართ ასეთი მოპყრობის მიზანი იყო, 2001 წელს ყოფილ N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ თ.დ.-ს მკვლელობის გარემოებებზე მის ხელთ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებისაგან თავის შეკავება. გოდერძი კიკნაძის განცხადებით, მან შიმშილობა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნით 19 სექტემბერს დაიწყო. დღეისთვის მსჯავრდებული მოითხოვს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელსაც ზემოაღნიშნულ საქმეზე ჩვენებას მისცემს“ - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატი კიკნაძის ახსნა-განმარტებას მთავარ პროკურატურას შესაბამისი რეაგირებისთვის დღეს გადასცემს.
გოდერძი კიკნაძის დედა უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს.

















