შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ბ.ღ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ღ.-მ მიმდინარე წლის 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, "აფხაზეთის განათლების ცენტრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1999 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ლ.ს.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.