შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ა.ჭ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1978 წელს დაბადებული დ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: სავარაუდოდ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდითა და 15 საბრძოლო ვაზნით, ასევე, მაკაროვის სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.