რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარის გოდერძი კიკნაძის დედა მერი კიკნაძე მეხუთე დღეა
შიმშილობს. იგი ამ დროისთვის ისევ რუსთავის #6 დაწესებულებასთან რჩება.
როგორც „ნიუსპრესს“ მერი კინაძემ განუცხადა, საპატიმროში მისი შვილი გოდერძი კიკნაძეც შიმშილობს.
„ჩემი შვილის დღეს არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ცუდადაა. კიდევ ჰქონდა ზეწოლას ადგილი. ბოლოს იგი გუშინ ვნახე. ახალა მითხრეს რომ შეიძლება გლდანის დაწესებულებაში გადაიყვანონ. იქაც წავალ და ვიშიმშილებ“ - ამბობს კიკნაძე.
როგორც კიკნაძე აცხადებს, შიმშილობის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა, თუმცა, მის შეწყვეტას არ აპირებს.
პატიმრის დედა აცხადებს, მანამდე იშიმშილებს, სანამ მისი შვილის წამებაში დამნაშავე პირები არ დაისჯებიან.
„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, რომ გოდერძი კიკნაძეს 13 წლის წინ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს და შემდგომში ამ მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე პატიმრის მკვლელობას ეხება, რაშიც ბრალი იმ დროისთვის სრულიად სხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს წაუყენეს.
პატიმრის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და აღნიშნულ დანაშაულთან კავშირი ყოფილ შს მინისტრ ბაჩო ახალაიას აქვს.
„ჩემი შვილი დიდი ხანი დუმდა, რადგან სიმართლე რომ ეთქვა, ეშინოდა, მოკლავდნენ. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა, რადგან როგორც თვითონ ამბობს, სამუდამო პატიმრობას ისევ სიკვდილი ურჩევნია. ძალიან მეშინია. ერთადერთი შვილი მყავს და იმასაც მიკლავენ“ - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას პატიმრის დედამ.

















