სახალხო დამცველის აპარატმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დაკავებული ბექა ალადოშვილი მოინახულა.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, გუშინ ღამით საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოითხოვეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბექა ალადოშვილის შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად ბექა ალადოშვილს იზოლატორში განთავსების დროს აღენიშნებოდა „ზურგზე წითელი ფერის ნაკაწრები“.
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკვე გამოითხოვა საქმის შესწავლისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რომლის მიღების შემდგომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელდება ადეკვატური რეაგირება.

















