ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები
და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე შ.თ. დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, ქ.ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე შ.თ.-მ, არსებული უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის არეში დაჭრა ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.თ., რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა შ.თ. 2020 წლის 31 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ შ.თ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.