შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი,
რომელიც მთავრობას წარედგინა. კანონპროექტის მიხედვით მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელები.
ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქცია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელი ფუნქციის შესრულებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღებით მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი სარგებელი, უმეტესად ხელს უწყობს ახალი დანაშაულის ჩადენას და ამ სფეროში არაერთი პირის ჩართვასაც.
სწორედ ამ ფაქტორებითაა ნაკარნახევი სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ.
წარდგენილი კანონპროექტით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ოდენობა 6-დან 10 წლამდე გაიზრდება.
ასევე, 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, ვინც დიდი ოდენობით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იზრდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დადგენილი სასჯელი. კერძოდ თუ დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირისთვის გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, პროექტის თანახმად ეს ვადა 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემუშავებული ცვლილებების პროექტით ასევე მკაცრდება სანქციები ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის.
წარმოდგენილი ცვლილებები სრულად იზიარებს საუკეთესი ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის ისეთი ქვეყნების, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და ა.შ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა და უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს წარედგინება.