შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებისა და
დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ბათუმში, ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი: 1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ჩ. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ თ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს თ.ქ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ თ.ქ.-ის მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 115 აბი და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
რაც შეეხება კ.ჩ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 29 აბი და კ.ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისა ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.