საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მოქმედებებს
ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა 5 აფთიაქი, საიდანაც უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.