სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების სისტემის
სრული რეფორმირებისა და ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანის პირობას დებს.
„აღებული იქნება საუკეთესო მოდელები, რათა საზოგადოებამ მიიღოს გამართული, ეფექტური, ადამიანის პატივსა და ღირსებაზე ორიენტირებული სასჯელაღსრულების სისტემა“ - განაცხადა ტუღუშმა მინისტრის რანგში თავის პირველ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, გაუმჯობესდება პატიმართა ყოფითი პირობები, ამის კონკრეტული ნაბიჯი დღესვე გლდანის #8 დაწესებულებაში 1 600 ახალი მატრასის შეტანა იქნება, ვინაიდან ეს აღნიშნულ ციხეში საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა იყო.
გარდა ამისა, ტუღუში აცხადებს, რომ დაგეგმილია პრობაციონერთა რაოდენობის განახევრება, ასევე, პატიმართა რაოდენობის შემცირება და და ვადამდე გათავისუფლების კომისიის ეფექტურობის გაზრდა.
„ასევე, ვგეგმავთ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას. არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება მინისტრის როგორც მრჩეველთა საბჭო, ასევე, გარკვეულ პირებს ექნებათ უფლება დაუბრკოლებლად განახორციელონ მონიტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაში“-აღნიშნა მან.
მინისტრის განმარტებით, სრულ რეფორმირებას დაექვემდებარება ჯანდაცვის საკითხიც.
ტუღუში ასევე პირობას დებს, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი სასჯელაღსრულების და პრობაციის ცენტრის რეფორმირება იქნება. სასჯელაღსრულების სისტემაში თანამედროვე ელექტრონული სისტემების დანერგვაცაა დაგეგმილი.
„ვიზრუნებთ იმაზეც, რომ ადვოკატებს გაცილებით კარგი პირობები ჰქონდეთ სამუშაოდ, ასევე, მოწესრიგდება პაემნების სისტემა“-აღნიშნა ტუღუშმა.
მისივე განმარტებით, მუშაობის პროცესში რეფორმის სხვა მიმართულებებიც გამოვლინდება.
თავის უმთავრეს პრიორიტეტად კი, უწყება წამების და ღირსების შემლახავი მოქმედების ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირებას და მათთვის ადეკვატური ფსიქორეაბილიტაციის სერვისების მიწოდებას ასახელებს.

















