სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ მისი უწყების მთავარი პრიორიტეტი წამების და
ღირსების შემლახავი მოქმედების ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირება და მათთვის ადეკვატური ფსიქორეაბილიტაციის სერვისების მიწოდებაა.
როგორც ტუღუშმა მინისტრის რანგში თავის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამაზე ზრუნვა უწყებამ გუშინვე დაიწყო.
მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ გლდანის, არამედ საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე.
უწყება ამ პროცესში შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას გეგმავს.
ციხეებში პატიმრების წამების კადრების გავრცელების შემდეგ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მინისტრის პოსტზე გიორგი ტუღუშმა ხათუნა კალმახელიძე შეცვალა. მანამდე, ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველი იყო.

















