საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები რუსთავის #17 და #6, ასევე, ქსნის #15 დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სამივე დაწესებულებაში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, დაწესებულებები ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებს და რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო შეზღუდვა არაა დაწესებული.
აპარატის ინფორმაციით, რუსთავის #17 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულები დაწესებულების ყველა ნაწილში განთავსებულ პატიმრებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს შეხვდნენ.
„მსჯავრდებულთა ნაწილის განცხადებით, მათ 20 სექტემბერს წამების მსხვერპლ პატიმართა მიმართ სოლიდარობის მიზნით შიმშილობა დაიწყეს. ამავე დაწესებულების მსჯავრდებულთა ნაწილი კი აცხადებს, რომ აღნიშნულ აქციას 22-23 სექტემბერს შეუერთდებიან. მსჯავრდებულებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პროტესტის ეს ზომა მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას არ უკავშირდება“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
რაც შეეხება აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, აპარატის ინფორმაციით, ისინი მონიტორინგის მომენტისთვის არ შიმშილობდნენ და მის დაწყებას არც გეგმავდნენ.
სახალხო დამცველის წარმომადგენლების თქმით, ქსნის #15 დაწესებულების დახურულ ნაწილში განთავსებულმა ზოგიერთმა მსჯავრდებულმა წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის მიზნით შიმშილობის აქცია გუშინ დაიწყო. ისინი ასევე, მათ მიმართ წარსულში განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებების ადეკვატურ წარმოებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ.
„ამასთან დაკავშირებით მათმა ნაწილმა სურვილი გამოთქვა, შეხვდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს, რათა მათ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს“ - აცხადებენ აპარატის წარმომადგენლები.
მათი თქმით, შიმშილობა გამოცხადებული აქვთ დაწესებულების #4 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს - ს.ხაბულიანს, ი.გიგლემიანს, ო.პაიჭაძეს, #22 საკანში განთავსებულ 7 მსჯავრდებულს, #6 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარსა და სხვა საკანში განთავსებულ კიდევ 4 მსჯავრდებულს.
მათივე განცხადებით, დაწესებულების ძველი ნაწილიდან 526-მა მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს კოლექტიური განცხადება მიაწოდეს, სადაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში მათ მიმართ რეგულარულად განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებენ.
რუსთავის #6 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი რამდენიმე მსჯავრდებულს შეხვდა, რომლებიც ასევე, სოლიდარობას უცხადებენ წამების მსხვერპლ პატიმრებს და ისევე, როგორც დანარჩენ დაწესებულებებში, აცხადებენ, რომ ადმინისტრაციასთან და თანამშრომლებთან მიმართებაში ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვთ.
„უნდა აღინიშნოს, რომ სამივე დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ სამედიცინო მომსახურება არის ცუდი და მათი ჯანმრთელობის ადეკვატურ და ჯეროვან დაცვას ვერ უზრუნველყოფს“ - აცხადებენ აპარატის თანამშრომლები.
სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს მოუწოდებს, ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს სისტემაში განთავსებული ყველა იმ პატიმრის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
სახალხო დამცველის აპარატი სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

















