კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში თეა წულუკიანი მისი შტაბის წევრზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვს - ამის შესახებ მან დღეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოსთან განაცხადა.
წულუკიანი პოლიციის სამმართველოში ნაძალადევის რაიონის ლოტკინის შტაბის წევრთან, ყოფილ პატიმარ ალექსანდრე უსოევთან მივიდა.
მისი თქმით, უსოევს ნაძალადევის რაიონის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მერაბ სამადაშვილი და უცნობი პირები მისი ბოლოდროინდელი განცხადებების გამო დევნიან.
„ყოფილი პატიმარი ალექსანდრე უსოევი და მისი მეუღლე მარინა მანძოევა, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს ხმა აიმაღლონ იმ წამების წინააღმდეგ, რისი გადატანაც მოუხდათ, მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებიან. გუშინ ალექსანდრე უსოევის ავადმყოფ ძმას პირადად მიაკითხა მერაბ სამადაშვილმა და უთხრა, რომ თუ მისი ძმა ჩემთან თანამშრომლობას შეწყვეტდა, თავად მოუგვარებდა ყველა პრობლემას“-განაცხადა წულუკიანმა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიციის განყოფილებასთან იმ მიზნით იმყოფება, რომ უსოევზე ზეწოლის ფაქტების შესახებ განაცხადოს და შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირება მოითხოვოს.
წულუკიანმა უსოევის მიმართ გლდანის ციხეში განხორციელებულ ძალადობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უსოევი ციხიდან ამა წლის აპრილში გათავისუფლდა.
„ალექსანდრე უსოევზე ძალადობა გლდანის ციხეში მოხვედრისთანავე განხორციელდა. ციხის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ვინმე ვიქტორმა მას ცემის დროს ყბა მოტეხა. 2010 წლის ივლისში ვაჟა ცხვედიანმა, ალექსი თოლორდავამ და გიორგი ავსაჯანიშვილმა განახორციელეს უსოევის ჯგუფური ცემა, რის შედეგადაც მას გაუსკდა ნაწლავი. მუცელზე აქვს ოპერაციისა და ცემის მრავლობითი კვალი“ - განაცხადა წულუკიანმა და ყველა ჩამოთვლილი პირის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.

















