იუსტიციის სახლის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს გუშინ დაკავებულ ოთხ პირს, სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
კერძოდ, ლაშა მესხიასა და დავით ფაცაციას 40-დღიანი, შოთა ბაზერაშვილსა და კონსტანტინე ლაბარტყავას კი 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული პირები თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ბრალდებით დააკავა. მათ ბრალად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ლაშა მესხია და დავით ფაცაცია, რომლებიც „BMW"-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს.
შსს-ს ინფორმაციით, ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებულები შოთა აზერაშვილი და კონსტანტინე ლაბარტყავა. ისინი „Chevrolet" მარკის ავტომანქანით წურწუმიას ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როცა საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

















