საქართველოს პროკურატურამ, სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე,
არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ზ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ნ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ზ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.