გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის მიმდებარედ, ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევს ავტომანქანის ძარაზე დიდი ოდენობით ხე-ტყე - დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის 10 ერთეული და ნეკერჩხლის სახეობის 3 ერთეული მრგვალი მორი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა და მორები დალუქეს, სამართალდამრღვევის მიმართ კი, შესაბამისი აქტი შეადგინეს.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.