საქართველოს პროკურატურამ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე
გ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გ.ჯ.-მ, მ.კ.-მ და გ.მ.-მ, ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.