საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული სამედიცინო დაწესებულება შპს „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, რწმუნებულმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გუშინ, გვიან ღამით გადაყვანილი მსჯავრდებულები კ. კ. და ა. ნ. მოინახულა.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობას და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა და მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და პირობები ადგილზე შეამოწმა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ამჟამად, პაციენტთა მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, ხოლო სამკურნალო დაწესებულებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით, მსჯავრდებულებს დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ, ამჟამად კი, შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

















