საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული
ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი გადასახადებით, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.
საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 426 711 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 281 123 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 168 009 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 111 667 ლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.