საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 701.67 გრამი ოქროსა და 26.54 გრამი ვერცხლის ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 76 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.