კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამის, პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილის ადვოკატები შალვა თადუმაძე
და ლილი გელაშვილი, თამაზაშვილის მიმართ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებენ.
ამის შესახებ ადვოკატებმა დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, თამაზ თამაზაშვილი გუშინ მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ასევე, მის მიმართ არანაირი ძალადობა არ ხორციელდება.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, თამაზაშვილი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა, რადგან მასზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომელსაც 4 კვადრატულ მეტრში გამომწყვდეული ადამიანი ისმენს, მასზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს.
თადუმაძის თქმით, ადვოკატებს თამაზაშვილთან შეხვედრის უფლება ყოველდღე აქვთ.
„მივმართავ სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს გიორგი ტუღუშს, პირადად აიღოს პასუხისმგებლობა თამაზაშვილის მდგომარეობაზე, რადგან მასზე შესაძლოა, ნებისმიერი პროვოკაცია განხორციელდეს. ასევე, მივმართვ ხელისუფლებას, შეწყდეს თამაზაშვილის სახელის იმ ფაქტებთან დაკავშირება, რაც ხდება“ - განაცხადა თადუმაძემ და დასძინა, რომ მედიაში გავრცელებული პატიმართა წამების ამსახველი კადრები გაცილებით ადრეა გადაღებული და თამაზაშვილს მასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა.
როგორც თამაზაშვილის მეორე ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა, თამაზ თამაზაშვილი პოლიტიკური პატიმარი და მიხეილ სააკაშვილის პირადი მძევალია. შესაბამისად, მისი აღნიშნულ კადრებთან დაკავშირება უკვე შემდგარი პროვოკაციაა.
„ხელისუფლებას არაერთხელ მივმართეთ, რომ თამაზაშვილი იმ დაწესებულებაში გადაეყვანათ, სადაც პოლიციის ყოფილი თანამშრომლები იხდიან სასჯელს, მაგრამ მათგან ყოვლად ცინიკური პასუხი მოვისმინეთ. კერძოდ, გვითხრეს, რომ მათ არ იციან არის თუ არა თამაზაშვილი ნამდვილად პოლიციის ყოფილი თანამშრომელი“ - აღნიშნა გელაშვილმა.
ადვოკატი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, შეწყვიტოს თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაცია და ყოველგვარი პროვოკაცია, რომელიც აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს.
გელაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმართა ძალადობის ფაქტებს თამაზაშვილს უკავშირებს, ბოლო დღეებში მასთან არავინ შესულა და არ უკითხავს, ჰქონდა თუ არა მას დანაშაულთან რაიმე სახის კავშირი.
ადვოკატების განცხადებით, გამორიცხულია, იმ ადამიანს, რომელსაც მამაცობისთვის არაერთხელ აქვს ჯილდო მიღებული, მსგავსი დანაშაული ჩაედინა.

















