აჭარის ტელევიზიის ექს-ხელმძღვანელის, ყოფილი პატიმრის თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ის პირადადაა იმის მოწმე, რომ სასჯელაღსრულების
სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია პატიმრების სასტიკი წამების ფაქტებს ესწრებოდა.
„საკუთარი თვალით და ყურებით მას ნანახი და გაგონილი აქვს, როგორ აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს“ - განუცხადა ბაკურიძემ ტელეკომპანია „მე-9“ არხს.
ყოფილი პატიმარი 2006-2007 წლების ზამთარში მომხდარ ფაქტსაც იხსენებს, როდესაც მისი თქმით, ბათუმის ციხეში, ახალაიას ბრძანებით და მონაწილეოებით, სამი ქალაქის - თბილისის, ბათუმის და ქუთაისის სპეცდანიშნულების რაზმები შევიდა. მისივე განცხადებით, ამ სისასტიკის შემდეგ 10-მდე პატიმარი, რომელმაც წამებას ვერ გაუძლო, გარდაიცვალა.
გარდა ამისა, ბაკურიძე აცხადებს, რომ ის სასჯელს ავჭალის მეათე დაწესებულებაში სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების მეზობელ საკანში იხდიდა, საკნების გამყოფი ხის კედელი კი იმდენად თხელი იყო, ხმა მარტივად ისმოდა. ყოფილი პატიმარი ამტკიცებს, რომ ერთ-ერთმა მართგანმა იცის, რომ ხელისუფლება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში მონაწილეობს.
„ეს არის ალანია, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი თანამდებობის პირი კონსტიტუციური უსაფრთხების დეპარტამენტში“-აღნიშნავს ბაკურიძე.
ყოფილი პატიმარი ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს. როგორც ის აცხადებს, ერთ ღამეს პატიმრები ალანიას ხმამ გააღვიძა, რომელიც განრისხებული იყო და კოლონიის დირექტორს იმ პირების დასახელებას სთხოვდა, რომელთაც მისი ციხეში მიყვანის ბრძანება გასცა.
„კოლონიის დირექტორს უყვიროდა, ვინ გაბედა და ვინ თქვა, ალანია ზონაზე წაიყვანეთო - ახალაიამ თუ მერაბიშვილმაო? სთხოვდა, ახალაიასთან დამაკავშირეთო, მერე კი გადაიფიქრა, არაფერი საქმე არ მაქვს არც ახალაიასთან და არც მერაბიშვილთან, უშუალოდ სააკაშვილთან დამაკავშირეთ, რომ შევახსენო ბევრი რამ, მათ შორის, ჟვანიასთან დაკავშირებითო“-განაცხადა ბაკურიძემ.

















