საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, ბ.წ.-ს და მ.წ. -ს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ და მ.წ.-მ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და-ძმა - ა.გ. და ა.გ. 2015 წელს, ხოლო ჰ.კ. 2016 წელს კარგი სამუშაო პირობების და ანაზღაურების დაპირებით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საკუთარი ტრანსპორტით ჩამოიყვანეს.
სამივე პირი ნინოწმინდის რაიონის სოფელ ეფრემოვკაში, მათ საკუთრებაში არსებულ საქონლის ფერმაში მიიყვანეს და მუქარით და იძულებით 2021 წლის 9 მარტამდე შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბ.წ. და მ.წ. დაზარალებულებს გაუსაძლის, მონობის თანამედროვე პირობებში ამყოფებდნენ, დასვენების დღეების გარეშე ამუშავებდნენ და ანაზღაურებას არ აძლევდნენ, უზღუდავდნენ თავისუფალ გადაადგილებას და მუდმივად აკონტროლებდნენ. ასევე, ბრალდებულებმა ჰ.კ.-ს პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ჩამოართვეს და მასზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდნენ.
სამართალდამცველებმა ბ.წ. და მ.წ. 2021 წლის 13 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ და ე" ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარემ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.