მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულეს. თოვლიდან უკვე ამოყვანილია
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც.
ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა. გურიაში ჩავიდნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგი. ქუთაისიდან გომის მთის მიმართულებით გაფრინდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მოხდება მიცვალებულის გადმოსვენება. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, თბილისიდან და ქუთაისიდან.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"–ში გომის მთიდან გუშინ შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ერთი მოქალაქე გაყინული იყო, ხოლო მის თანმხლებ სამ პირს გადაადგილება აღარ შეეძლო. მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. სამაშველო-საძიებო ოპერაცია 10 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. სიტუაციას რთული რელიეფი, ქარბუქი და 3 მეტრის სიმაღლის თოვლი ართულებდა. მიუხედავად მძიმე მეტეოროლოგიური პირობებისა, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფმა სამი მოქალაქის გადარჩენა შეძლო. ისინი უვნებლად, თუმცა ჰიპოთერმიის ნიშნებით იპოვეს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.