საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჯ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ნ. - მ, 2019 წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ფ. სამუშაოდ მასთან ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია და საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა.
მიუხედავად დაპირებისა, ჯ.ნ.-მ მასთან სამუშაოდ მისულ ა.ფ.-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში და მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე ფიზიკურად ძალადობდა მასზე.
2021 წლის 10 თებერვალს ჯ.ნ.-მ კვლავ ფიზიკურად იძალადა ა.ფ.-ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ ჯ.ნ.-ს უზრუნველეყო დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას და აიძულებდა მუშაობას, რის გამოც 7 მარტს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ფ. 10 მარტს გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჯ.ნ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ" და მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ჯ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.