საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის
მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ო.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 29 იანვარს, ქ.სენაკში ო.ბ.-მ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფის გამოყენებით, ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, დედას რ.თ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად რ.თ-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109 მუხლის მე-2 ნაწილის "დ1" და "ვ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ო.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.