ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, მაშინ,
როდესაც არ არსებობს დაზარალებული, დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველთან" დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას აქვს კითხვა, რატომ უსმენდნენ მას, როგორც კერძო პირს და რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს.
„ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როცა დაზარალებული არ არსებობს. დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად. პირველი კითხვა რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს, არც პოლიტიკა არსებობდა მაშინ ჩვენი მხრიდან, არც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება", არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო მაშინ პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და აღნიშნული ფაქტი იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ამ კონტროლის ქვეშ ვიყავით. ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავითარი დანაშაული არ მომხდარა, და რაც საზოგადოებამ იხილა, სიყალბეა.
„რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან დაზარალებული არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რომელიც გამოვიდა და თქვა, რა ვითარებაში, როგორ ატმოსფეროში მოხდა ბატონ ანზორ ჩუბინიძესთან გასაუბრება. ერთი ფაქტი მომიყვანეთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის, ან ვინმეს ჩაგვრის, ან ჩემგან ვინმეს ჩაგვრის, თუ ოდესმე ვინმეს რამე გსმენიათ, ან რამე ფაქტი იცით, გთხოვთ, დამისახელოთ. ბატონმა ანზორმა ამის თაობაზე ძალიან ვრცელი კომენტარი გააკეთა და განმარტა, თუ რასთან იყო საქმე. უბრალოდ, გასაუბრება მოხდა, მეზობლების და ოჯახის წევრების თვალწინ. მაშინ, გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ლიკვიდაციით ემუქრებოდა ბერა ივანიშვილს, იყო უამრავი შეურაცხმყოფელი მუქარა. აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება ბატონი ჩუბინიძის, როგორც იმ დროს, ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რომ გამოეკვლია, მათ შორის პოლიციის ჩართულობით, რადგან მაშინ დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთი არგუმენტი, რაც მინდა განვმარტო, როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობის" დროს, ასეთი დანაშაული, როგორც ისინი ყვებიან, რომ მომხდარიყო, გამოიძიებდნენ თუ არა, ან დატოვებდნენ თუ არა ისინი ამ ფაქტს გაუხმაურებელს?! რა თქმა უნდა - არა. შესაბამისად, დასკვნა არის შემდეგი, რომ არავითარი დანაშაული არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა. ძალიან მერიდება, რომ ამ სიყალბეზე მიწევს ამდენი ახსნა-განმარტება, მაგრამ ისევ და ისევ, მოსახლეობას რომ არ დარჩეს რაიმე კითხვა, ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება, ასეთი ვრცელი განმარტება გამეკეთებინა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.