N8 პენიტენციურ დაწესებულებაში უვადო მსჯავრდებულებს საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა გააცნო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და უვადო მსჯავრდებულებმა პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შესული ცვლილებების მიხედვით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის გადასინჯვის ახალი, განსხვავებული მექანიზმი ამოქმედდა. იმისათვის რომ უვადო მსჯავრდებულს აღნიშნული შეღავათი შეეხოს, სხვა გარემოებებთან ერთად ერთ-ერთ პირობას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის წარმატებით დაძლევა წარმოადგენს.
გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამაში ჩართვა შეუძლია უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის არანაკლებ 12 წელი და წერილობით თანხმობას აცხადებს პროგრამაში მონაწილეობაზე. პროგრამა 8 ეტაპისგან შედგება, მისი ხანგრძლივობაა 2 წელი და პენიტენციური სისტემის გარდა მის განხორციელებაში ჩართულია სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტო და სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი.
პროგრამის მიზანია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების სასჯელის შემდგომი მოხდისაგან კანონით დადგენილი ვადამდე გათავისუფლების ეტაპის დადგომამდე, შემთხვევის მართვის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში (ინტერვენციებში), რომლებიც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას და რესოციალიზაცია-რე ინტეგრაციისთვის მზადებას. შეფასების პროცესი მოიცავს როგორც მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების, ასევე მნიშვნელოვანი ზიანის რისკის, ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებას და დაზარალებულთან ან მის უფლებამონაცვლე მხარესთან დაკავშირებული ინფორმაციის ამსახველი ანგარიშის მომზადებას. გამოვლენილი საჭიროებებისა და კრიმინოგენური ფაქტორების გათვალისწინებით დგება გათავისუფლებისთვის მომზადების ინდივიდუალური პროგრამა.