გლდანის მე-8 საპყრობილესთან პატიმართა მშობლები კვლავ იმყოფებიან. მათი ნაწილი ციხეში არსებული ვითარების შესამოწმებლად საპყრობილეში
ჟურნალისტების შეშვებას მოითხოვს. პარალელურად, რიგგარეშე პაემნები გრძელდება.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არ დაიშლებან, სანამ პატიმრების ნახვის შესაძლებლობა არ მიეცემათ. ამასთან, მშობლებისა და ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, პატიმრებმა შიმშილობა დაიწყონ.
გარკვეული დროის განმავლობაში გლდანის მე-8 საპყრობილესთან ვითარება დაიძაბა. ვრცელდებოდა ინფორმაცია ციხეში გარდაცვლილთა შესახებ, რამაც პატიმართა მშობლებსა და ახლობლებში პანიკა გამოიწვია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების იურიდიული დახმარების სამსახურის ორმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის დაწესებულების მესამე კორპუსში ნაცემი პატიმრები არიან. დაწესებულებას, წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.

















