საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო - სატრანსპორტო
შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ტურისტული კომპანიის დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს - შპს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, თბილისიდან შატილში მიკროავტობუსით 20 პირი გაემგზავრა.
უკან დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით, მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, ხოლო შემდეგ 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორიები, მოპოვებული და შესწავლილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, გამოიკითხა ათეულობით პირი, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სატრანსპორტო ტექნიკურ - ტრასოლოგიური.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მიკროავტობუსის მესაკუთრემ გ.გ.-მ და ტურისტული კომპანიის დირექტორმა შ.ბ.-მ, როგორც სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისთვის პასუხისმგებელმა პირებმა, ექსპლუატაციაში გაუშვეს ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსი, რამაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია.
გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ - მიკროავტობუსის წინა სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავი იყო. ასევე მიკროავტობუსის ტექნიკური მახასიათებლით დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად, კუსტარულად დამონტაჟებული სავარძლებით, სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლის გარდა, 19 მგზავრი გადაჰყავდა, მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები დამონტაჟებული იყო მავთულებით, კუსტარულად, მიკროავტობუსს გავლილი არ ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება. სწორედ მითითებული დარღვევებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებდა ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო მოთხოვნებს.
ასევე დადგინდა, რომ ტურისტული კომპანიის დირექტორს შ.ბ.-ს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს გ.გ.-ს „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად რომ ემოქმედათ, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებას ექსპლუატაციაში არ გაუშვებდნენ და საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
სამართალდამცველებმა შ.ბ. და გ.გ. 2020 წლის 23 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
პროკურატურის მიერ მათ წარედგინათ ბრალდება - ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებისთვის, რამაც 17 პირის სიცოცხლის მოსპობა და 3 პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.