საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი
ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და მისი შემდგომი ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ უკრაინის მოქალაქე ნ.კ.-მ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს გამოყენებით, კანონიერი სახის მიცემა განიზრახა.
წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ნ.კ.-მ 2019 წლის მაისში, საქართველოში დააფუძნა კომპანია, რომელსაც საბანკო ანგარიშები საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გაუხსნა და „ინტერნეტ ბანკინგის" მომხმარებლად დაარეგისტრირა.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული შეღწევა მოხდა. კომპანიის საქმიანობის შესწავლის შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორის სახელით, ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორს ცრუ შეტყობინება გაეგზავნა თითქოსდა საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნობრიობით თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. შედეგად, 2019 წლის 17 სექტემბერს, ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიას 18 219.95 ევრო (59 577.41 ლარი) მოტყუებით საქართველოში, ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმოარიცხინეს. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვისთანავე, თითქოსდა ელექტრომაგნიტური ძრავის სათადარიგო ნაწილების შეძენის დანიშნულებით, ჰონგ კონგში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა. რეალურად, არანაირი საქონლის შეძენას ადგილი არ ჰქონია და ტრანზაქცია ფიქტიური დოკუმენტის საფუძველზე განხორციელდა.
ამ გზით ნ.კ.-მ მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით 17 900 ევროს (58 531.21 ლარი) ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
უკრაინის მოქალაქე ნ.კ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ასევე 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად). ხოლო ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით წარედგინა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).
ნ.კ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირების მიერ ჩადენილი ქმედება ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით" - აცხადებენ უწყებაში.