„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მოთავსებულ გოდერძი კიკნაძეს
საპატიმროს თნამშრომლები საკანში შეუვარდნენ და სასტიკად სცემეს.აღნიშნული ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გოდერძი კიკნაძის დედამ მიაწოდა, რომელსაც შვილის ცემის ფაქტი საპატიმროდან უცნობმა პირებმა ტელეფონით აცნობეს.
პატიმრის უფლებებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ეკა ქობესაშვილი იცავს.
ცენტრის ინფორმაციით, პატიმრის მშობელი და ეკა ქობესაშვილი რუსთავის მე-6 დაწესებულებაში გაემგზავრნენ, რათა გოდერძი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღონ.
მისივე ინფორმაციით, წუხანდელი შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი. პატიმართან შეხვედრას ომბუდსმენის მონიტორიც ცდილობს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, გოდერძი კიკნაძის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოს, რადგან მას საფრთხე პირადად შს მინისტრის ბაჩო ახალაიასგან ემუქრება.
„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, რომ გოდერძი კიკნაძეს 13 წლის წინ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს და შემდგომში ამ მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე პატიმრის მკვლელობას ეხება, რაშიც ბრალი იმ დროისთვის სრულიად სხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს წაუყენეს.
პატიმრის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და 13 წლის წინანდელ მკვლელობაში ამჟამინდელი შს მინისტრი ბაჩო ახალაია მონაწილეობდა.
„ჩემი შვილი დიდი ხანი დუმდა, რადგან სიმართლე რომ ეთქვა, ეშინოდა, მოკლავდნენ. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა, რადგან როგორც თვითონ ამბობს, სამუდამო პატიმრობას ისევ სიკვდილი ურჩევნია. ძალიან მეშინია. ერთადერთი შვილი მყავს და იმასაც მიკლავენ“ - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას პატიმრის დედამ.

















