სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა რუსთავის #5, #6, # 16 და #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებების
არაგეგმიური მონიტორინგი დაასრულეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, მონიტორინგის დროს წარმომადგენლებმა დაწესებულებების ყველა კორპუსი, საკნები, ასევე, კარცერები და საკარანტინე განყოფილება დაათვალიერეს.
ასევე, შეხვდნენ და გაესაუბრნენ იქ განთავსებულ პატიმრებს.
„ამჟამად, ხსენებულ დაწესებულებებში სიმშვიდეა და პატიმრები არ მიუთითებენ მათ მიმართ რაიმე სახის ძალადობაზე. დაწესებულებებში მუშაობს ტელეფონები და პატიმრების ნაწილმა უკვე ისარგებლა რიგგარეშე ხანმოკლე პაემნით“ - აცახდებენ აპარატის წარმომადგენლები.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა წუხელ ღამითვე, გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს.
აპარატის ინფორმაციით, ჰოსპიტალში ვიზიტის მიზეზი საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამი ნაცემი პატიმარი გადაიყვანეს.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და ესაუბრა ჰოსპიტალის ხელმძღვანელს – თამაზ გვასალიას. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბარში ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა სამხედრო ჰოსპიტალში პატიმართა მიყვანის ფაქტი უარყო და დაადასტურა, რომ ამ დროისთვის ჰოსპიტალში არცერთი პატიმარი არაა მოთავსებული.

















