შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში
შესული ინფორმაციის თანახმად, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.
ბაზრობის მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გავიდნენ. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი.