საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები დღეს სამი პატიმრის ცემასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად გლდანის #8 დაწესებულებას ესტუმრნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობს, სახალხო დამცველის წამომადგენელი პირადად შევხდა იმ პირველ სამ მსჯავრდებულს, რომელთაც დღეს საშუალება ჰქონდათ საკუთარი ოჯახის წევრებს შეხვედროდნენ.
ამავე ინფორმაციით, მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ პირველი სამი მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტთან საუბარში განაცხადეს, რომ მათი ახლობლები ნაცემები იყვნენ.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრისას პატიმრებმა, გიგი ამაშუკელმა, გიორგი ბექაურმა და იური ხაჩატუროვმა განაცხადეს, რომ დღეს, 19 სექტემბერს, დაახლოებით 18 საათის შემდეგ შეხვდნენ ოჯახის წევრებს. მათ ჰქონდათ რიგგარეშე პაემანი, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა. პატიმრების განცხადებით, მათ მიმართ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ჯანმრთელობას არ უჩივიან, ზოგადად დაწესებულებაში სიმშვიდეა და ამ ეტაპზე სახალხო დამცველის დახმარებას არ საჭიროებენ“ - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი (223 44 99), რომელზეც დარეკვა ნებისმიერ დროს შეუძლია პატიმართა ოჯახის წევრებს.

















