საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ხუთი პირი ამხილეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გასულ წლებში, იმერეთის რეგიონში განხორციელდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ზედამხედველობა და მიღება დაევალა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შესაბამის კომისიას.
ბრალდებულების მიერ, რომლებიც იყვნენ ამ კომისიის წევრები, არაჯეროვნად განხორციელდა დაკისრებული მოვალეობები, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. კერძოდ, დანაშაულში მხილებულ პირთა მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან სამი მოქმედი, ორი კი ყოფილი საჯარო მოხელეა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.