შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ჩატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე, 1976 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, 1984 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი გ.ი., რამდენიმეთვიანი ინტენსიური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის სახით დააკავეს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.