საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სამართალდამცავ ორგანოებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ,
დეტალურად გამოიძიონ სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ტუღუში სამართალდამცავ ორგანოებს იმ საქმეების გამოძიებასაც სთხოვს, რომლებიც სახალხო დამცველის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშებში ფიგურირებს და ის ფაქტები, რომელთა ამსახველი ვიდეოკადრები საზოგადოებამ გუშინ იხილა.
„მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები, ხელმძღვანელობა, ასევე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის, N8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების თანამშრომელი გიორგი ავსაჯანიშვილი ფიგურირებენ“ - ნათქვამია განცხადებაში.
ტუღუში აქვე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტებში ასევე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი კინწურაშვილი და სხვა პირები ფიგურირებენ, რომელთა სახელები სახალხო დამცველის ანგარიშებშიცაა ნახსენები.
სახალხო დამცველი შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ აღნიშნული ფაქტები გლდანის N8 დაწესებულებაში რეგულარულ ხასიათს ატარებს.
განცხადების თანახმად, პრაქტიკულად გახსნის დღიდან აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა სახის არასათანადო, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რის შესახებაც სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში დეტალურადაა საუბარი.
განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ არაერთ ასეთ ფაქტზე სახალხო დამცველმა დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა, დღემდე ამ ფაქტების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა არ მომხდარა.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ სამწუხაროდ, გლდანის N8 დაწესებულება, არასათანადო მოპყრობის მხრივ, სასჯელაღსრულების სისტემაში გამონაკლისს არ წარმოადგენს. ტუღუშის თქმით, მსგავს პრობლემებთან გვაქვს საქმე ქუთაისის N2, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18, ქსნის N15 დაწესებულებებში.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამჯერად სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გამოვლინდეს და სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც პატიმრების ცემასა და მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდა. ასევე, ის პირებიც, ვისი მდუმარე თანხმობითაც ზემოაღნიშნული ხორციელდებოდა.
შსს-მ გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმართ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ვიდეომასალა გუშინ გაავრცელა. დამატებითი მასალები ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერშიც გავრცელდა.

















